2019 წლის 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევისას დაშავებული გიო სულაშვილი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში უჩიოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიეცა იმედი და ძალა, მეტი შემართებით იბრძოლოს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში დაადგინა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს გიოსთვის 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა. "სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას. 20 ივნისთან დაკავშირებით დღემდე არავინ დასჯილა და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა ციხეში აღმოჩნდება, ვისაც ჩვენი თვალების დათხრაში წვლილი მიუძღვის. მძიმე ხუთი წელი გავიდა ჩემთვის და 20 ივნისელებისთვის. უსამართლობის განცდას ის ამძაფრებდა, რომ არავინ დასჯილა აქამდე. უსასრულოდ და ხელოვნურად გაწელილი ქართული სასამართლო პროცესებიც აორმაგებდა ამ უსამართლობის შეგრძნებას. დღეს იმედი მომეცა, რომ სამართალი იზეიმებს, ძალა მომეცა, რომ მომავლისთვის უფრო შემართებით ვიბრძოლო. მადლობას ვუხდი საიას იურისტებს თავიანთი ძალისხმევისთვის, დახმარებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 20 ივნისის შემდეგ მონაწილეობას ვეღარ ვიღებ დღეს ქვეყანაში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტში. თუმცა მახარებს ჩვენი ახალგაზრდობის შემართება. არა რუსულ კანონს! არა რუსულ ოცნებას! საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!!!" - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. გიო სულაშვილი ამ დრომდე საჭიროებს რეაბილიტაციას, რომელსაც გერმანიაში გადის. ასევე ნახეთ პროკურატურამ 20 ივნისს დაშავებულ გიორგი სულაშვილს ჰკითხა, ნამყოფი იყო თუ არა ოფთალმოლოგთან 2023 წლის ზაფხულში გიო სულაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2023 წლის 8 აგვისტოს მიიღო. გიო სულაშვილი: ისევ 20 ივნისის შემდეგი კვირა მგონია, როცა პირველად ჩავიხედე კლინიკაში სარკეში. 2019 წლის ივნისში, როცა საქართველოში "მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის" სხდომა იმართებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა. ამ ფაქტს საზოგადოების მღელვარება მოჰყვა და ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან. მ...