საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუსი) განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე. ისევე, როგორც 2023 წლის სექტემბერში, სუსი ლაპარაკობს „მაიდანის სცენარზე" და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე. დღეს, 8 მაისს, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ”. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, მიმართავს თუ არა სახელმწიფო ზომებს „საფრთხის" აღსაკვეთად. ასევე ნახეთ ყურადღების გადატანა? - სუსი შემოდგომის „შეთქმულებასა“ და „მაიდნის სცენარზე“ იწყებს საუბარს სუსი კონკრეტული პირების დასახელების გარეშე აცხადებს, რომ „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში”. სუსის განცხადებითვე, ეს პირები „განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს”, ასევე „კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა”. სუსი ირწმუნება, რომ „ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება”. სუსის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ „ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენ...