ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ გამოცემა ამ ეტაპზე წყდება, ამის შესახებ ნათქვამია ჟურნალის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. три გამოცემის განცხადების თანახმად, „გადაწყვეტილება პოლიტიკურია“, ვინაიდან „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე”. „არილმა“ მხარი დაუჭირა ”აგენტების კანონის” წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც “არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას”. ჟურნალის სარედაქციო განცხადებით, “არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის”. როგორც “არილის” რედაქტორი ლექსო დორეული ეუბნება რადიო თავისუფლებას, წელს გამოცემას 30 წელი უსრულდებოდა და მთელი ამ წლების განმავლობაში მას კულტურის სამინისტრო აფინანსებდა. დაფინანსების პრობლემები, დორეულის თქმით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო და ჯამში დაახლოებით რვა ნომერი დაფინანსდა. გასული წლის ოქტომბერში რედაქციამ სამინისტროს 12 ნომრის დაფინანსების თხოვნით, წერილობით მიმართა, რაზეც პასუხიც არ დაბრუნებიათ, მოგვიანებით კონკურში მონაწილეობა შესთავაზეს და საბოლოოდ, სამინისტროს მიერ დაფინანსებულ 34 პროექტს შორის “არილი” ვერ მოხვდა. ლექსო დორეულის თქმით, სამინისტროსგან დაფინანსების პრობლემების პირობებში, გამოცემას კერძო დონორები აფინანსებდნენ. “სოროსის ფონდმა დააფინანსა შარშან რამდენიმე ნომერი, სომხეთის საელჩომ დააფინანსა ნომერი, საბერძნეთის საელჩომ, ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტმა დაგვიფინანსა ხუთი ნომერი. ვცდილობდით გადაგვერჩინა, პასუხისმგებლობაა ავტორებთანაც, მკითხველებთანაც. ვეცდებით გზების მოძებნას, რადგან უკვე მივიღეთ პასუხი. მთელ მსოფლიოში სახელმწიფო აფინანსებს ლიტერატურულ ჟურნალებს, ამის გარეშე ძალიან ჭირს გამოცემა”, - ამბობს ლექსო დორეული. რადიო თავისუფლება ცდილობს კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას, უწყების პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში. კულტურის სფეროში ბოლო წლებში, საზოგადოების შეფასებით, რამდენიმე მტკივნეული ცვლილება განხორციელდა. დაიხურა წიგნის ცენტრი, დაფინანსება შეუწყდა ან შეუმცირდა ლიტერატურულ პერიოდიკას, ეროვნულ კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში, რამდენიმე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდა, მათი ნაწილის საქმე სასამართლოშია, ნაწილთან დაკავშირებით კი სასამართლომ მათი გათავისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნია. 2021 წელს ჩაიშალა ლიტერატურული ...