რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცხო ქვეყნების ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხს, „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით“ მილოცვას უგზავნის. პუტინის მილოცვა ასევე გაეგზავნა დე ფაქტო რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ლიდერებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე. „მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის გამრუდების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. და, რა თქმა უნდა, სათუთად შეინახოს და შემდგომ თაობებს გადაეცეს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს დაეხმარა ღირსეულად გაეძლოთ რთული სამხედრო გამოცდისთვის და გაენადგურებინათ ნაციზმი“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში. რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვა გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს და „გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს ნაწრთობი ძმური მეგობრობის კავშირი საიმედო საფუძვლად დარჩება ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“. პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ და მოლდოველ ხალხებს შარშანაც მიულოცა. ნაციზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 9 მაისს აღინიშნება. ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, უკრაინა და სხვები. შარშან სექტემბერში, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ" 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებდა. ასევე ნახეთ „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ" 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისის გამოცხადებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ...