აშშ-მა გასულ კვირაში შეაჩერა ისრაელისთვის სამიათას ხუთასი ბომბის მიწოდება, ვინაიდან ის შიშობს, რომ ჭურვები შეიძლება ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰის წინააღმდეგ ოპერაციაში იქნეს გამოყენებული. ამის შესახებ The New York Times-ი და Associated Press-ი იტყობინებიან წყაროებზე დაყრდნობით. ამერიკული მედიის რესპონდენტთა თქმით, ვაშინგტონი ამჟამად განიხილავს იარაღის მომავალი მიწოდების შეჩერების საკითხს, მათ შორისაა დამიზნების კომპლექსები. მიმდინარე კვირაში Axios-ის წყაროები იტყობინებოდნენ ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდების შეჩერების შესახებ, მაგრამ ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა. CNN-ის ცნობით, ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაში პაუზა არ არის დაკავშირებული რაფაჰის ოპერაციასთან. ასევე ნახეთ რაფაჰზე ისრაელის იერიშის გამო ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში თავდასხმა განახორციელა პალესტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ჰამასმა (აშშ-სა და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად). თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება. რაფაჰს ისრაელის ხელისუფლება ჯიჰადისტების უკანასკნელ საყრდენად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც ისრაელმა შარშან შემოდგომაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში, მის იერიშებს 34 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. აშშ-მა რამდენჯერმე გააფრთხილა ისრაელი, რომ არ ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები ღაზის სამხრეთში. ვაშინგტონი აღნიშნავდა, რომ რაფაჰში მილიონამდე ლტოლვილი იმყოფება. 7 მაისს ისრაელის თავდაცვის არმიამ კონტროლი დაამყარა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „რაფაჰზე“, რომელიც ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს. სამხედროები მიიჩნევენ, რომ სახმელეთო ოპერაციის მსვლელობისას მოკლულია ჰამასის 20 წევრი. მას შემდეგ, რაც ისრაელმა ტექნიკა და სამხედროები შეიყვანა რაფაჰში, ჰამასმა განაცხადა, რომ თანახმაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე. დაჯგუფების წარმომადგენლებმა ამის შესახებ შეატყობინეს კატარსა და ეგვიპტეს, რომლებიც შუამავლების როლს ასრულებენ ორ მხარეს შორის. მრავალი ქვეყანა ისრაელს ბრალს სდებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გადაჭარბებულ სისასტიკეში. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ უტევენ მხოლოდ ჰამასის ინფრასტრუქტურას და ამბობენ, რომ ჰამასი თავის ობიექტებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებზე განათავსებს და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. ...