გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ, რაც ანაპის ოპერატიულმა შტაბმაც დაადასტურა. მისი ინფორმაციით, უკრაინული დრონებით თავდასხმა იყო ანაპის მახლობლად, სოფელ იუროვკაში მდებარე ნავთობის ბაზაზე. შტაბის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, თუმცა რამდენიმე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე რეზერვუარი დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია 62 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა. ქალაქ ანაპის მერის, ვასილი შვეცის განცხადებით, მსხვერპლი არ არის. უკრაინას ანაპის ნავთობის ბაზაზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ასევე ნახეთ უკრაინული მხარე ადასტურებს რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევას 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რამდენიმე ათეულ ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს. ...