9 მაისი ევროპის დღეა. მას საქართველო წლებია აღნიშნავს, თუმცა პირველად - როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. საქართველომ ეს სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტ შუმანის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. 1950 წლის 9 მაისს შუმანმა პარიზში წარმოადგინა იდეა პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება და 27 სახელმწიფოს 447 მილიონამდე მოქალაქის მშვიდობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ: „ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა. მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული". ელჩი ჰერჩინსკი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწოდებს „მართლაც ისტორიულ მოვლენას ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე": „საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს". 2024 წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ და დაწყება თუ არა მოლაპარაკების პროცესი. როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს: „ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!" ელჩის სიტყვებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გახდეს ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი: „დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ასე რომ, მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ". ასევე ნახეთ 31 ევროპარლამენტარი ბორელს მოუწოდებს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და დაფინანსების გადახედვისკენ ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს შემდგომ სვლას საფრთხე შეუქმნა მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის აპრილში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა „აგენტები...