დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 79-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობდა 9 ათასზე მეტი სამხედრო, 79 ერთეული ტექნიკა და ავიაცია. აღლუმი ჩაიბარა რუსეთის არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „გამარჯვების დღეს“ უწოდა „ჭეშმარიტად სახალხო, წმინდა დღესასწაული“. სამხედრო აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის, გვინეა-ბისაუს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, კუბის და ლაოსის პრეზიდენტები. მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტები ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი. ისინი მოსკოვში „გამარჯვების აღლუმს“ დაესწრნენ 2020 წელს, როცა რუსეთმა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 75-ე წლისთავი აღნიშნა. მას შემდეგ რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მართავდა ან უცხო სახელმწიფოების ლიდერების მიწვევის გარეშე, ან დსთ-ის ქვეყნების მეთაურების მონაწილეობით. მათ შორის 2023 წელს იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. ასევე ნახეთ პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ ხალხსაც მიულოცა ...