აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს დაემუქრა, რომ დამატებით შეუზღუდავს ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, თუ ის ქალაქ რაფაჰზე ფართო იერიშს დაიწყებს. ბაიდენმა ტელეარხ CNN-ს უთხრა, რომ აშშ რაფაჰზე იერიშისთვის ისრაელს იარაღს არ მისცემს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ისრაელის მთავრობის მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, მკაფიოდ განუცხადა. ბაიდენმა თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მისი თქმით, ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში შეჭრა არასწორია. თუმცა მან თქვა, რომ ისრაელის დაცვისთვის ვალდებულებას კვლავაც გრძნობს და ე.წ. „რკინის გუმბათის“ - ანტისაჰაერო სისტემისთვის გადამტან რაკეტებს და სხვა თავდაცვით იარაღს კვლავაც მიაწვდის ამ ქვეყანას. აშშ-მა უკვე შეაჩერა ერთი წყება იარაღის - 3500 სხვადასხვა ტიპის ბომბის - ისრაელისთვის მიწოდება, რაც იყო რეაქცია ისრაელის არმიის რაფაჰისკენ დაძვრაზე. გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა იმედგაცრუება გამოხატა ბაიდენის მუქარაზე, რომ შეზღუდავს იარაღის მიწოდებას. მან ისრაელის მედიას უთხრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამი ისრაელის მტრებს წარმატების იმედს უსახავს. ისრაელმა საერთაშორისო კრიტიკის და ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების მიუხედავად, რაფაზე იერიშზე უარი არ თქვა. ქალაქს თავს აფარებს ღაზის სექტორის სხვა არეალებიდან ისრაელის საჰაერო იერიშებს გამოქცეული მილიონი ადამიანი. ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ამ ქალაქს ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული) ბოლო სიმაგრედ თვლის. ისრაელმა წუხელ ჰამასის სამიზნეებს კვლავ შეუტია ჰაერიდან ღაზის სექტორში, სანაპირო ზოლის არეალში. ამავე დროს სირიის არმიამ განაცხადა, რომ გადაიტაცა ისრაელის რაკეტები, რომლებიც დამასკის მიმართულებით იქნა გასროლილი. ისრაელს ამ ცნობის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია. ისრაელის საომარი ოპერაცია პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, რომელსაც ჰამასი მართავს, 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს. ამ დღეს ისრაელის სამხრეთში ჰამასმა განახორციელა თავდასხმა, რომლის შედეგად დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება. მას შემდეგ, რაც ისრაელმა შარშან შემოდგომაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო ღაზის სექტორში, მის იერიშებს 34 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ასევე ნახეთ ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ-მა შეაჩერა ისრაელისთვის შეიარაღების ერთი პარტიის მიწოდება რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გამო ...