ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოუწოდა უნგრეთს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მიმართვა უნგრეთის სამთავრობო ვებსაიტზე გამოქვეყნდა 8 მაისს, ჩინელი სტუმრის ბუდაპეშტში ჩასვლის წინ. ის ბუდაპეშტში 8 მაისს, გვიან ღამით, ჩავიდა. სი ძინპინი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკვე ესტუმრა საფრანგეთსა და სერბეთს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია, მისი ქვეყანა ივლისში ევროკავშირის ექვსთვიან მორიგე თავმჯდომარეობას ჩაიბარებს. ”ჩვენ ერთად გამოვიარეთ სირთულეები და ერთად გამოვიწვიეთ ძალაუფლების პოლიტიკა არასტაბილური საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე”,- აცხადებს სი, რომელიც დასძენს: „ჩვენ ერთად მოვძებნეთ სუვერენული სახელმწიფოების გზა, რათა დამოუკიდებლად ვაწარმოოთ მეგობრული გაცვლები სხვა ქვეყნებთან“. სი ძინპინის უნგრეთში ჩასვლის წინა დღეს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ზელენსკიმ მას მაღალი შეფასება მისცა. საუბრის შესახებ სხვა დეტალები არ გაუვრცელებიათ. არ არის ცნობილი, უკავშირდებოდა თუ არა ეს საუბარი სი ძინპინის ვიზიტს უნგრეთში და რაიმე სამშვიდობო ინიციატივების განხილვას. უნგრეთის პოზიცია უკრაინაში ომისადმი განსხვავებულია ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მიდგომისგან. უნგრეთი არ აწვდის უკრაინას იარაღს და ხანდახან აკრიტიკებს უკრაინის მთავრობას, ასევე მოუწოდებს მას, მოილაპარაკოს რუსეთთან წინასწარი პირობების გარეშე, რაც მიუღებელია კიევისთვის. ჩინეთის მიდგომა დიდად არ განსხვავდება უნგრეთისგან. მაგრამ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მონაწილეა, ჩინეთს კი რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მისმა ბანკებმა სანქციების შიშით შეამცირეს მიმოქცევა რუსეთთან. მოელიან, რომ სი უნგრეთში ხელს მოაწერს საინვესტიციო შეთანხმებებს. ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, უნგრეთი რჩება პეკინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ასევე ნახეთ ჩინეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება ასევე ნახეთ სი ძინპინი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო კონფერენციის მოწოდებით გამოვიდა ...