Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი სადაო „აგენტების კანონის“ კრიტიკოსებზე დაუდგენელი ადამიანების „სასტიკ თავდასხმას“ ეხმაურება. „მათ წინააღმდეგ რეპრესიები საქართველოში, ვინც უცხოეთის გავლენის შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგება შოკისმომგვრელ ძალადობაში გადაიზარდა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ ჯერ მომიტინგეების მიმართ საპოლიციო ძალა გამოიყენა ახლა კი "სამოქალაქო ფორმიანი ავაზაკები სასტიკად ესხმიან თავს დემონსტრანტებს აქციამდე და მას შემდეგ, მათ სახლებთანაც კი“. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით აშინებენ ხელისუფლების ოპონენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, სატელეფონო ზარებით და შეურაცხმყოფელი და წილისმწამებლური პლაკატების გაკვრით. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ მტკიცებების გამო, რომ ამ ქმედებების უკან შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ დაშინების კარგად ორგანიზებული კამპანიის ნაწილი არიან“. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები „სასტიკი თავდასხმებზე რეაგირებისთვის“. პასუხისგებაში მიეცენ ადამიანის უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილები, მათ შორის ბრძანების გამცემები. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ხალხმა შეძლოს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა და შეწყვიტოს სხვა მცდელობები, რათა "არ მოხდეს განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია და საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა“. წუხელ თბილისში სამ ადამიანზე თავდასხმის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ქუჩაში, ფიზიკურად იძალადეს „აგენტების კანონის” მოწინააღმდეგეებზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეზე, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე. თავდასხმები დაზარალებულების საცხოვრებელ სახლებთან მოხდა. ფიზიკური ძალადობის გარდა, 9 მაისს, ღამის საათებში, თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები. „აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა". 7 მაისს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ინფორმაციის თავისუფლების გ...