მანამდე პატიმრობა შეუფარდეს გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. სხდომაზე დაცვის მხარემ მინიმუმ 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს დაკისრება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავით კოლდარმა "აღიარა დანაშაული". "ვიდეოში ჩანს პირდაპირ, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ისროლა გარკვეული საგანი, რომელიც მოხვდა პოლიციის თანამშრომელს", - ამბობს ის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების ექვსი მონაწილე 8-9 მაისს დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სულხან თამაზაშვილმა მიაწოდა საზოგადოებას. თამაზაშვილის თქმით, ყველა დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ამნესტი ინტერნეიშენალის" შეფასებით, თბილისში გამართული აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს და პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა უკანონოა და ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ირწმუნება, რომ იმ ხალხმრავალ აქციებზე, რომლებიც ძირითადად არაორგანიზებულად, სპონტანურად იმართება, "პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს." შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების პარალელურად აწარმოებს გამოძიებას "საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" სისხლის სამართლის სამი მუხლით: 222-ე მუხლი (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება); 225-ე მუხლი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა); 226-ე მუხლი ( ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.) renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/_KPNeV30YgA?&&&fs=1&enablejsapi=1") renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/riDiQHoUZgc?&&&fs=1&enablejsapi=1") ...