თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, პოლიციამ მსვლელობის რამდენიმე მონაწილე დააკავა. რადიო თავისუფლება ოფიციალური ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის ბინაში დააკავა ბლოგერი, "აგენტების კანონის" კრიტიკოსი უჩა აბაშიძე, მის სახლთან შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპროტესტო მსვლელობით გადაინაცვლა. ისინი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. დაკავებების შემდეგ პოლიციამ მსვლელობის მონაწილეები ტროტუარისკენ მიმართა და საავტომობილო მოძრაობა გაათავისუფლა. საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ გაგრძელდა. три უჩა აბაშიძე, რომელსაც მისი ადვოკატის თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, პოლიციელების სიტყვიერი განცხადებიდან იციან ის, რომ უჩა აბაშიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა დაწყებული. უჩა აბაშიძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეებიც. ისინი სკანდირებდნენ: "უჩა! უჩა!" პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ: "მონებო!" ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში შესვლის საშუალება მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცა. ასევე ნახეთ ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს უჩა აბაშიძე საქართველოს მმართველო პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "აგენტების კანონის" კრიტიკოსი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ...