აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ კალუგასთან, სადაც ნავთობგადამამუშავებელი საწარმო „პირველი ქარხანა“ მდებარეობს. ამის შესახებ გამოცემა SHOT-ი იუწყება ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. რამდენიმე ძლიერი აფეთქება შუაღამის შემდეგ მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ ქარხნის რაიონში აფეთქებებით გამოწვეული ხანძრის შესახებაც. მოგვიანებით რუსეთის ზოგიერთმა სახელმწიფო მედიასაშუალებამ ადგილობრივ სადისპეტჩერო სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონში მდებარე „პირველი ქარხნის“ ტერიტორიაზე ხანძარია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებიათ. ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამზე დაწერა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ძერჟინსკის რაიონში მდებარე საწარმოს ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა და მიმდინარეობს ზარალის შეფასება. შაპშას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია. რუსეთის ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 15 მარტსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ მაშინ განუცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს. ქარხანაზე დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს ასევე ნახეთ უკრაინაში დაადასტურეს დრონებით დარტყმა ანაპასთან მდებარე ნავთობის ბაზებზე 9 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ დრონებით შეტევა განახორციელეს რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან მდებარე ნავთობის ორ ბაზაზე და ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმო „გაზპრომ ნეფტეხიმზე". 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს. ასევე ნახეთ პუტინი: მოწინააღმდეგის დრონები ჩვენი მებრძოლების თავზე ბუზებივით დაფრინავენ ...