პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ კვლავ ჩაუსაფრდნენ, რა დროსაც გამაფრთხილებლად გაისროლა. ინფორმაციას ჯაფარიძე თავის ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს. три "მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას ჰაერში ვისროლე და დავემუქრე. პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ თუ საჭირო გახდა", - წერს ზურა ჯაფარიძე და მომხდარში მმართველ პარტიას, "ქართული ოცნებას", ადანაშაულებს. რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. „აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე, ჯერჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა". 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ოთხი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. მოგვიანებით თბილისში დაესხნენ თავს და სცემეს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და "ახლის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს. წინა დღით, 8 მაისს ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის კიდევ სამ მონაწილეს: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძესა და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკური ძალადობის გარდა, ღამის საათებში თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩნდა წარწერები და პოსტერები. დააზიანეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების ავტომობილები. ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკოსებზე სასტიკი თავდასხმები - Amnesty International-ი ...