"ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერი საერთაშორისო პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მოგმართავთ, “რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება” "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კვლავ შეტანის, ძალადობის უეცარი ზრდისა და სხვა შეზღუდვების გამო საქართველოში ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ საპროტესტო აქციებს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ" - წერენ უფლებადამცველები. ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს აწერს 18 ორგანიზაცია წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა მეორე მოსმენით, ხელისუფლებას აძლევს დამოუკიდებელი აზრის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის და საბოლოო ჯამში, ჩახშობის მძლავრ ინსტრუმენტს და ამით საფრთხეს უქმნის პრესის და სიტყვის თავისუფლებას. წერილზე ხელის მომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს კანონი არა მხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიეკუთვნებოდნენ იმ ჯგუფების რიცხვს, რომლებიც ატარებენ „უცხოეთის ქვეყნების ინტერესებს", არამედ ანიჭებს იუსტიციის სამინისტროს უფლებას, „აწარმოოს გულმოდგინე გამოძიება“ ამ ორგანიზაციების მიმართ მხოლოდ „უცხოეთის სახელმწიფოსთან“ კავშირის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. შედეგად, წერენ ავტორები, იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლება, გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია, რაც მას მისცემს საშუალებას, ჩაერიოს მედიასაშუალების თუ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, ხელი შეუშალოს მუშაობაში და სადამკვირვებლო როლის შესრულებაში. "ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაწვეულ იქნეს კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების სიცოცხლისუნარიანობას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც მედიის სულ ცოტა, 20 თანამშრომელს ფიზიკურად დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ან დააკავეს დემონსტრაციების გაშუქების დროს... წერილში წერია, რომ “ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში არშეშვების გადაწყვეტილება, რომელიც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს”. „ამას გარდა,“ თვლიან უფლებადამცავი ორგანიზაციები, “ჟურნალისტები ვერ ახერხებენ თავიანთი სამუშაოს უსაფრთხოდ შესრულებას თბილისის ქუჩებში პოლიციის ძალადობისა და დაშინების გამო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს". ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილის ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პრესის თავის...