10 მაისს, მოძრაობა Just Stop Oil-ის ორმა ეკოაქტივისტმა „თავისუფლების დიდი ქარტიის“ დაზიანება სცადა. „თავისუფლების დიდი ქარტია“ არის შუა საუკუნეების დოკუმენტი, რომელსაც ემყარება ბრიტანეთის სახელმწიფოებრიობა. ბუნების დამცველები ჩაქუჩითა და საჭრისით დაესხნენ თავს მინის ვიტრინას, რომელშიც „ქარტიაა“ გამოფენილი. მათ დაჯავშნილი მინა ვერ ჩაამტვრიეს, გაშალეს პლაკატი წარწერით „მთავრობა არღვევს კანონს“ და ხელები წებოთი დაიწებეს. ისინი პოლიციამ დააკავა. ბი-ბი-სის ცნობით, დაკავებულები არიან: პროტესტანტული ეკლესიის მღვდელმსახური ქალი, სიუ პარფიტი და ბიოლოგიის ყოფილი მასწავლებელი, ჯუდი ბრიუსი. ორივე 80-ზე მეტი წლისაა. ბრიტანეთის ბიბლიოთეკის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ვიტრინის დაჯავშნილი მინა უმნიშვნელოდ დაზიანდა, ხოლო თავად უძველესი დოკუმენტი არ დაზიანებულა. „საგანძურის გალერეა“, სადაც ინახება „ქარტია“, ინციდენტის შემდეგ დახურულია მნახველებისთვის. სიუ პარფიტმა განაცხადა: „ჩვენ ყველა დიდ პატივს ვცემთ "თავისუფლების დიდ ქარტიას", ის მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი თავისუფლებისა და კანონებისთვის. მაგრამ არ იქნება არც კანონიერება, არც თავისუფლება, არც უფლებები, თუ დავუშვებთ იმ კლიმატურ კატასტროფას, რომელიც ახლა გვემუქრება. როგორც ქრისტიანი, თავს მოვალედ ვთვლი, რომ ეს განსაცდელი ყველანაირად ავიცილოთ თავიდან“. პარფიტი და ბრიუსი პოლიციის მიერ ეჭვმიტანილები არიან საკუთრებისთვის ზიანის მიყენებაში. მოძრაობა Just Stop Oil დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან მოითხოვს, შეწყვიტოს ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა ქვეყანაში წიაღისეული საწვავის მოძიებასა და მოპოვებაზე. „თავისუფლების დიდი ქარტია“ (Magna Carta) არის 1215 წლის პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო შუა საუკუნეების ინგლისის კანონმდებლობას. ასევე ნახეთ ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე უარს იტყვიან, ოღონდ ნელ-ნელა - კომპრომისული შეთანხმება კლიმატის კონფერენციაზე ...