კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მაიკლ თომას მაკკოლთან ერთად ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის მაღალი რანგის წევრები, თომას კინი და უილიმ კიტინგი და სხვა, სულ 25 კონგრესმენი, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი“. „გწერთ, რათა ღრმა შეშფოთება გამოვხატოთ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის გამო, რომელიც თქვენმა მთავრობამ კვლავ შეიტანა განსახილველად ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც ის სამართლიანად უკან გაიწვია“, - წერენ კონგრესმენები და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი „ძირეულად ეწინააღმდეგება“ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებრიობაში შემდგომი ინტეგრაციის და აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წელს, „თქვენს ქვეყანაში რუსეთის ჯარის შემოჭრიდან“ რამდენიმე თვეში გაფორმებული ქარტიის სულისკვეთებას. კონგრესმენები თავიანთ წერილში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს მავნე კანონპროექტი“ და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია მოცემული. კონგრესმენების შეფასებით, „ამ კანონპროექტის მიღებით დაითრგუნება საქართველოს ხალხის ნება, რომელიც თავის მომავალს დასავლეთში ეძებს“. აშშ-ის კანონმდებლები ამ წერილში უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა. ისინი საქართველოს პრემიერის ყურადღებას მიაპყრობენ რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონისკენ, რომელსაც ამართლებდნენ „გამჭვირვალობის“ მიზეზით. ისინი თვლიან, რომ საქართველოში ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს „რუსეთის დამღუპველი გავლენის გაფართოებას“. კონგრესმენები წერილში ახსენებენ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას 29 აპრილს და წერენ, რომ ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე. კონგრესმენები წერილში გმობენ „ბატონი ივანიშვილის შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს“. კონგრესმენები ირაკლი კობახიძის მისამართით გაგზავნილ წერილში ასევე გამოთქვამენ მზარდ შეშფოთებას კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ მთავრობის რეაქციის გამო, მათ იციან აქციების „მონაწილეთა, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეების პოლიციის მიერ ქუჩიდან გატაცების და ცემის შესახებ“. კონგრესმენებს მოჰყავთ რუსეთი...