სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მის მამას სცემეს. „ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი, ვინც სცემა“, - ფეისბუკში აქვეყნებს ის მამის ფოტოებს, რომელსაც ცხვირისა და თავის არეში დაზიანებები ეტყობა. три ანა სუბელიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წუხელ, მისი სადარბაზოს კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები და ფოტოები გააკრეს. დილით კი მამამისს სახლის ეზოში ფიზიკურად გაუსწორდა მეზობელი: „მამამ ძაღლი ჩაიყვანა გასასეირნებლად და მეზობელი შეხვდა, რომელიც მივარდა, ეს რა შვილები გაზარდეო და სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა. მამა აქეთ მამშვიდებს, მხნედ არის. ამ მეზობელზე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ის თავად არის სუსთან დაკავშირებული. ახლა კიდევ უფრო გამიმტკიცდა. აუცილებლად მოვკითხავ ამაზე პასუხს ყველას. ჯერჯერობით შსს-სთვის არ დამირეკავს. ვიცი, რომ შსს-ში შეტყობინებასაც არანაირი აზრი არ ექნება, გამოცდილი გვაქვს არაერთხელ, მაგრამ იმისთვის, რომ სამომავლოდ შევძლო ჩემი სიმართლის დამტკიცება, თუნდაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამას მაინც დავაფიქსირებ“. მოგვიანებით ანა სუბელიანმა მამის, კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას "ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა აქვს და ასევე, ტვინის შერყევის ნიშნებიც", რის გამო თენგიზ სუბელიანი დროებით კლინიკაში დარჩება. ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა. ...