პროკურატურამ სამხედრო ბლოგერს, უჩა აბაშიძეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. ბრალის წარდგენის შემდეგ, დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, კომენტარი გააკეთა უჩა აბაშიძის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ. მისი თქმით, ამ დროისათვის, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი მახარაძე ამბობს, რომ 157-ე პრიმა მუხლის სპეციფიკიდან გამომდინარე (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა), ადვოკატებმა, გამოძიების მოთხოვნით, გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ეს იქნება ბოლო კომუნიკაცია მედიასთან: „ჩვენ ვმუშაობთ ამ საქმეზე, საქმე არის სენსიტიური, მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, დაცვის სტრატეგიაც მოიცავს იმას, რომ მედიასთან კომუნიკაცია, ამ ეტაპზე, არ არგებს სისხლის სამართლის საქმეს და მის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ბოლო კომენტარი, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით ვაკეთებ. საქმის მასალები გადმოცემულია, დაკავებიც ოქმიც და სხვა მასალებიც. უჩა აბაშიძე დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენ დეტალებზე, რა არის საქმის მასალებში, ვერაფერს გეტყვით“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მახარაძემ. 11 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ უჩა აბაშიძესა (ის 9 მაისს დააკავეს) და მის ცოლს, მარიამ იაშვილს, რომელიც გამოძიებამ 11 მაისს დააკავა, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება. გამოძიება ირწმუნება, რომ უჩა აბაშიძემ და მისმა ცოლმა, „ერთად განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა“. ასევე ნახეთ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვებას და იარაღის შეძენა-შენახვას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ მიზნით, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა, აღჭურვილ იქნა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ასევე ნახეთ უჩა აბაშიძის დაკავება: ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით ...