ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ თუ მათი სტუდენტები „აგენტების კანონის“ განხილვის გამო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ, თავადაც შეუერთდებიან. „ჩვენ, ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქციებზე ვართ ახალგაზრდების გვერდით, გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით - აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ - საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა. შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი და გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა, ჩვენ ვუერთდებით მათ! არა რუსულ კანონს! არა ძალადობას! ერთად ევროპისკენ და ევროპული მომავლისკენ!“ - წერია განცხადებაში, რომელიც ილიაუნის ლექტორებისთვის ღიაა ხელმოსაწერად. 11 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ 13 აპრილიდან უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. „მივმართავთ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში. გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას“, - განაცხადეს სტუდენტებმა. თსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ. ორშაბათს, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვაა დაგეგმილი. კომიტეტის სხდომა დილის ცხრა საათზეა დანიშნული. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს. პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან. ასევე ნახეთ კვირას, 12 მაისს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტთან ღამისთევა იგეგმება ...