ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ რაიონებიდან, სადაც ბოლო დღეებში საომარი მოქმედებები გააქტიურდა, 4 ათასზე მეტი მოსახლე იქნა ევაკუირებული. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა კვირას დილით. 12 მაისს ერთი ადამიანი დაიღუპა რეგიონის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ვოლჩანსკის დაბომბვის შედეგად. გარდა ამისა, ავიაიერიშის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებში ქალის გვამი იპოვეს. ორი ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ისინი გადარჩნენ. რუსეთის ჯარების მიერ ვოლჩანსკის და ხარკოვის ოლქის სხვა ზოგი ტერიტორიის დაბომბვა მკვეთრად გაძლიერდა 10 მაისს. იმავე დღეს რუსმა სამხედროებმა შეტევა დაიწყეს, სხვადასხვა რაიონში გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე ფეხის მოკიდებას შეეცადნენ საზღვრისპირა დასახლებებში. 2022 წლის სექტემბრიდან, როდესაც რუსეთის ჯარები იძულებული გახდნენ, რუსეთის ტერიტორიაზე დაეხიათ უკან უკრაინის შეტევის შემდეგ, ფრონტის ამ მონაკვეთზე მხოლოდ საარტილერიო დაბომბვა ხორციელდებოდა პირდაპირი საბრძოლო შეტაკებების გარეშე. ახლა, როგორც უკრაინული, ისე რუსული მრავალრიცხოვანი წყაროს თანახმად, რუსეთის ჯარები კვლავ წინ წავიდნენ. შეტევის მასშტაბები და მისი მიზნები და ამოცანები ჯერ კიდევ არ არის ნათელი. უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ ხარკოვის რეგიონში ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ. უკრაინის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ცდილობენ წინსვლას იმ რაიონებში, სადაც უკრაინის ჯარებს არ ჰქონდათ სტაბილური პოზიციები. ასევე ნახეთ ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების გამო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელში ჩაიგდო რამდენიმე დასახლებული პუნქტი. უკრაინის ქვედანაყოფი „ჰოსტრი კარტუზი“ ადასტურებს, რომ ზოგიერთ რაიონში ისინი იძულებული გახდნენ საზღვრიდან უკან დაეხიათ. ინტერნეტში გამოქვეყნებული გეოლოკაციური ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის სამხედროებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს და ახლა ბრძოლები მიმდინარეობს ამ დასახლებების სამხრეთით. უკრაინული პროექტი Deep State ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედროებმა მოახერხეს ფეხის მოკიდება ოთხ სოფელში ხარკოვის მიმართულებით და ორ სოფელში ვოლჩანსკის მიმართულებით და ასევე მიუახლოვდნენ ქალაქ ვოლჩანსკის გარეუბნებს. ის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, 2022 წელს ქალაქი გარკვეული პერიოდის მანძილზე უკვე იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მიიჩნევს, რომ რუსეთის ჯარები ამჟამად არ აპირებენ ხარკოვის ხელში ჩაგდებას. ისინი ცდილობენ, უკრაინა აიძულონ, რომ სხვა მიმართულებებიდან გადმოისროლოს ჯარები ხარკოვისკენ, თავად წინ წაიწიონ...