რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა დაიკავეს დემონსტრანტებმა, რომლებიც 12 მაისს, 21:00 საათიდან, პარლამენტის წინ ღამისთევის მიზნით შეიკრიბნენ. აქციის, „გავათენოთ საქართველოსთვის“ მონაწილეები გეგმავენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე. სწორედ, ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა. „ვიკრიბებით და ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად. რადგან ღამით დარჩენა მოგვიწევს, წინასწარ დავიჭიროთ თადარიგი, თან ვიქონიოთ საძილე ტომრები, მცირე ზომის კარვები, „ფაუერბანკები“, აირწინაღები, დამცავი სათვალეები და ყველა ის ნივთი, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უსაფრთხოდ. ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, პლენარულ სხდომაზე კი კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა 14 მაისს გაიმართება. три 3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. ასევე ნახეთ NGO-ების განცხადებით, „აგენტების კანონში“ ვერანაირი შესწორების შეტანა ვერ შეცვლის დამანგრეველ შედეგებს ...