რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა წინადადება, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ნაცვლად ახალი მინისტრი დაინიშნოს. ამ თანამდებობაზე მან ფედერაციის საბჭოს წარუდგინა ყოფილი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა. შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად. ძალოვანი უწყებებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურებს წარადგენს არა მთავრობის თავმჯდომარე, არამედ პრეზიდენტი. კანდიდატურებს ათანხმებს არა სახელმწიფო დუმა, არამედ ფედერაციის საბჭო. შოიგუ ერთადერთი მინისტრია, რომლის თანამდებობაზე დატოვების წინადადებაც არ წამოუყენებია პრეზიდენტს. მას თავდაცვის მინისტრის პოსტი 2012 წლიდან უკავია. შოიგუ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში მეორედ რჩება მინისტრთა კაბინეტს მიღმა. ის 1991 წლიდან იყო მინისტრი. 2012 წელს ის ნახევარწლიანი პაუზის განმავლობაში მოსკოვის ოლქის გუბერნატორი იყო. შოიგუ დაახლოებულად ითვლება პუტინთან, რომელთან ერთადაც ის ნადირობდა და ბუნების წიაღში ისვენებდა. ის ერთ-ერთი შემქმნელია პარტია „ედინაია როსიისა“, რომელიც პარლამენტში პუტინის მთავარი ძალა იყო მისი პრეზიდენტობის პირველი ორი ვადის პერიოდში. მაგრამ ხელისუფლების მომხრე აქტივისტები და ბლოგერები შოიგუს მწვავედ აკრიტიკებდნენ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობისთვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 65 წლის ბელოუსოვი ამჟამად პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობას ასრულებს. მთავრობის მეთაურმა მიხაილ მიშუსტინმა სახელმწიფო დუმას ხელახლა დასანიშნად არ წარუდგინა მისი კანდიდატურა. ასევე ნახეთ პუტინი პრემიერად მიშუსტინს იტოვებს ბელოუსოვი მთავრობაში ეკონომიკის ბლოკის კურატორად იყო ცნობილი. საქმიანი მედია იტყობინებოდა მისი კონფლიქტების შესახებ ეკონომიკურ სამინისტროებთან და ცენტრალურ ბანკთან. როგორც ამტკიცებენ, ის ეკონომიკაში სახელმწიფოს უფრო მეტად მონაწილეობის მომხრე იყო. 2021 წელს რუსეთის ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის წილმა 55%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში ომის ფონზე. ითვლება, რომ ბელოუსოვი ერთადერთია პუტინის გარემოცვაში, ვისაც სჯერა „რუსეთის გარშემო მტრების წრის“ არსებობისა. 2014 წელს ის მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას. მთავრობაში ცვლილებებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც პრეზიდენტის არჩევის შემდეგ არის აუცილებელი, დააპატიმრეს შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი. მას მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში ედება ბრალი. იმ მინისტრებს შორის, რომელთა თანამდებობაზე დატოვებაც ითხოვა პუტინმა, არის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ...