12 მაისს გაძლიერდა პალესტინელების გადინების პროცესი ღაზაში მათი უკანასკნელი თავშესაფრიდან, სამხრეთის ქალაქ რაფაჰიდან, რომლის სიღრმეშიც ისრაელის ძალები შედიან. პარალელურად, ისრაელმა კვლავ მიიტანა იერიშები ღაზის ომით გაჩანაგებულ ჩრდილოეთზე, სადაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მებრძოლების ნაწილი გადაჯგუფდა არეალებში, რომლებსაც ისრაელი თვეების წინ აცხადებდა ჰამასის ძალებისგან გათავისუფლებულად. რაფაჰს თავს აფარებდა მილიონზე მეტი პალესტინელი, რომელთაგან 300 000-მდე ადამიანმა ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანების გამო დატოვა ქალაქი. ისრაელი აცხადებს, რომ რაფაჰში უნდა შევიდეს ჰამასის დასამარცხებლად. რაფაჰზე ისრაელის იერიშს ამ ეტაპისთვის ყველაზე მკაცრად ეწინააღმდეგება მეზობელი ეგვიპტე, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალურად შეუერთდება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ საჩივარს, რომ ისრაელი ღაზაში გენოციდს ახორციელებს. ისრაელი ამ ბრალდებას უარყოფს. ასევე ნახეთ ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ-მა შეაჩერა ისრაელისთვის შეიარაღების ერთი პარტიის მიწოდება რაფაჰში სამხედრო ოპერაციის გამო ...