საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონის" განხილვისა და ამ კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტის ფონზე, სტუდენტების გაფიცვას კონსერვატორიაც უერთდება. "ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლები გახდნენ. არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსების შემლახავ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ. ამის გათვალისწინებით კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას - მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში", - ეს არის კონსერვატორიის იმ სტუდენტების განცხადება, რომლებიც დღეიდან უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე და მომდევნო დღეებში აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციაზე აპირებენ სიარულს. 13 მაისიდან სტუდენტები გაიფიცნენ შემდეგ უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; GIPA; საქართველოს უნივერსიტეტი; ალტე უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; კავკასიის უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის საზღვაო აკადემია. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტმა მიიღო სასწავლო პროცესის ერთი კვირით სრულად შეჩერების გადაწყვეტილება, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები ბორელს სთხოვენ ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების სანქცირებას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. ...