პარლამენტის პლენარული სხდომა სამშაბათს, 14 მაისს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. თითოეული დეპუტატის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგში პირველი განსახილველი საკითხია „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მესამე მოსმენა. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. როგორც სხდომის გახსნისას განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ასევე დაგეგმილია კანონპროექტზე კენჭისყრა. პარლამენტის სხდომის პარალელურად, უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოსთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დემონსტრაციები მიმდინარეობს. три კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას. ...