აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-მდე ლექტორ-მასწავლებელმა სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ. „მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ–ს სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, ლექტორ-მასწავლებლების პოზიცია. ქართული განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს“, - აცხადებენ ლექტორები. სტუდენტების მიმართ სოლიდარულია უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი დალი ზაუტაშვილი. მისი თქმით, სტუდენტური მოძრაობა საუკეთესო რამ არის, რაც შეიძლება მომხდარიყო შექმნილ ვითარებაში: „მხარს ვუჭერ ახალგაზრდებს, კარგად იციან, რომ მათი მომავალი ევროპაშია და ეს კანონი არც უნდა შემოეტანათ. დღეს რომც დაამტკიცონ, არ იმუშავებს, რადგან ამ მუხტს ვერაფერი შეაჩერებს“. ლექტორების თქმით, არ იფიცებიან, უნივერსიტეტში ივლიან, თუმცა ცარიელ აუდიტორიებში მოუწევთ ყოფნა. ლექტორები ამბობენ, რომ ხელმოწერის სურვილი მეტ ლექტორს აქვს, თუმცა თავს იკავებენ გავრცელებული განცხადების გამო, რაც ერთგვარი მინიშნება იყო პროტესტის გამოხატვის შეზღუდვაზე. ასევე ნახეთ რექტორთა საბჭო განცხადებით ემიჯნება სტუდენტების გაფიცვას - წერილი გამოქვეყნებამდე გასაჯაროვდა განცხადება, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ვებსაიტზე 14 მაისს გამოქვეყნდა, მედიასაშუალებებმა წინა დღეს გამოაქვეყნეს - „ტაბულის" ინფორმაციით, მასზე ხელმოსაწერად კოლეგები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დაიბარა, „ფორმულა" კი წერდა, რომ წერილის ტექსტი განათლების სამინისტროდან გაუგზავნეს რექტორებს და მათგან ხელმოწერა მოითხოვეს. წერილში ნათქვამია, რომ აკადემიური სფერო პოლიტიკური პროცესების მიღმა უნდა რჩებოდეს და ლექტორები, რომლებიც არ ატარებენ ლექციებს, არღვევენ შრომით ხელშეკრულებებს. ტექსტი, რომელიც 14 მაისს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, თითქმის იდენტურია წინა დღეს მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული წერილის ტექსტთან. ამ განცხადებას ხელს აწერს 38 უნივერსიტეტი - მათ შორის არ არიან ქუთაისის აკაკი წერეთლის და საერთაშორისო უნივერსიტეტების რექტორები. ამ განცხადების ფონია 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა - მათ შორის წერეთლის და საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტების, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანაში მიმდინარე მძლავრი საპროტესტო ტალღის პირობებში მათი ადგილი აქციებზეა და არა აუდიტორიებში. ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებმა 13 მაისს, დილიდან, გამოაცხადეს გაფიცვა და ქალაქის ქუჩებში მარში მოაწყვეს. „ქართული ოცნება" სა...