რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება. როგორც ASTRA იუწყება, მაშველებმა დაღუპული ქალის გვამი იპოვეს მეზობელ სადარბაზოში, რომელიც ასევე სერიოზულად დაზიანდა. მაშველები იქ დიდხანს ვერ შედიოდნენ განმეორებითი ჩამოშლის საფრთხის გამო. მოგვიანებით საგანგებო ვითარებათა სამინისტრომ განაცხადა, რომ სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილას ერთი ცხედარია ნაპოვნი. 12 მაისს ბელგოროდის შჩორსის ქუჩაზე მდებარე სახლის ათი სართული ერთიანად ჩამოინგრა. ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა. მოხერხდა 17 ადამიანის გადარჩენა. 27 ადამიანი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სახლის ჩამონგრევის მიზეზი უკრაინის იერიში იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში საცხოვრებელ სახლს დაეცა რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული უკრაინული რაკეტის ფრაგმენტი. ასევე ნახეთ რუსეთიდან გავრცელებული ცნობებით, ბელგოროდში 15 ადამიანი დაიღუპა სახლის ჩამონგრევის შედეგად ჯგუფ Conflict Intelligence Team-ის გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსია ნაკლებად სავარაუდოა. საკუთარი დასკვნა მათ გააკეთეს დანგრეული სახლის ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზის საფუძველზე. სახლი რუსეთ-უკრაინის საზღვრის დაახლოებით პარალელურად მდებარეობს. Conflict Intelligence Team-ში მიაჩნიათ, რომ სახლს მოხვდა ან საჰაერო თავდაცვის რაკეტა, ან რუსეთის მიერ, სავარაუდოდ, შეცდომით ჩამოგდებული ავიაბომბი. ასეთი შემთხვევები მიმდინარე ომის განმავლობაში რეგულარულად ხდებოდა. ...