საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მაისს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა მის ქვეყანაში "უცხოეთის გავლენების" კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე, საპროტესტო გამოსვლებსა და მოახლოებული არჩევნების პერსპექტივებზე. "საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი გამოცდა ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობაც გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან მოახლოვდა არჩევნები, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, და ამ არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდობა, რომელიც უკვე სამი კვირაა აწყობს დემონსტრაციებს, ერთი ფანჯრის გატეხვის ან მანქანის დაწვის გარეშე. ეს ბევრისმეტყველი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც იმაზე, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად". CNN-ის ინტერვიუერის, ცნობილი ჟურნალისტის, კრისტიან ამანპურის კითხვას, რა აზრი ექნება პრეზიდენტის მხრიდან ამ კანონპროექტზე ვეტოს დადებას, თუკი მას დაძლევს პარლამენტში უმრავლესობის მქონე მმართველი პარტიაო, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მის ვეტოს სიმბოლური მნიშვნელობა ექნება: "ილუზიები არავის ჰქონია - მათ ეს კანონი დააბრუნეს და პარლამენტშიც უმრავლესობა აქვთ. ესაა ერთპარტიული მმართველობის მონოლითური უმრავლესობა. ... ვეტოს დავადებ იმიტომ, რომ ამ ვეტოს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - როგორიც თავად ამ რუსულ კანონს. ჩვენ სხვა ბევრი რუსული კანონიც გვაქვს - გვაქვს კანონი საქართველოს გადაქცევაზე ოფშორების ოფშორად, რაც ძალიან უცნაურია და ძალიან გაუმჭვირვალე, მზადდება კანონი საპენსიო ფონდის ცვლილებაზე და მის გადაქცევაზე ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომად. შეშფოთება ბევრია, თუმცა ყოველივე ამის უკუქცევა შეგვეძლება არჩევნებით, ძალიან მალე, 26 ოქტომბერს. და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ საზოგადოების მობილიზაცია და პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია ამ არჩევნებში გასამარჯვებლად, რადგან ევროპული გზა სწორედ ეს არის". სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის ახლო მსგავსებაზე რუსეთში 2012 წელს შემოღებულ "უცხოეთის აგენტების" კანონთან, რომელიც გამოყენებულ იქნა სრულმასშტაბიანი რეპრესიებისთვის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. მისი თქმით, ამ კანონით და ხელისუფლების რიტორიკით საქართველოში პირველად ხდება, რომ 30 წლიანი პარტნიორობის მქონე ქვეყნები ცხადდებიან საქართველოსთვის უკეთურებისა და ომის მოსურნე უცხ...