პოლიციამ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე, 15 აპრილიდან 9 მაისის საღამოს 9 საათამდე, 185 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის. 9 მაისს აქციებში მონაწილე კიდევ 6 ადამიანი დააკავეს - გამოძიება მათ სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. დაკავებულთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს - ამ საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა არც ერთი პასუხისმგებელი პირი ჯერ გამოკვეთილი არ არის. დაკავებებული მოქალაქეების მონაცემები დღეების მიხედვით ასეთია: 15-დან 18 აპრილამდე პოლიციამ 40 კაცი დააკავა [მათგან 14 მოქალაქე 15 აპრილს დააკავეს, 18 ადამიანი 16-17 აპრილს, ორი 18 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან]. ამ დღეებში აქციების დაშლის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორ პოლიციელსა და ხუთი მოქალაქეს საავადმყოფში გადაყვანა დასჭირდა. 30 აპრილის ღამეს პოლიციამ 63 ადამიანი დააკავა - მეორე დილას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აქცენტი აქციაზე დაშავებულ 6 პოლიციელზე გააკეთა. ამ ღამეს სასტიკას სცემეს პოლიტიკოსებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს. 1 მაისის ღამეს დააკავეს 5 ადამიანი; ამ დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი." 30 აპრილისა და 1 მაისის აქციაზე მყოფებიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 15 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო. ჰოსპიტალიზებულ დემონსტრანტებს შორის იყო 24 წლის ბარმენი, ნიკა დემურიშვილი, რომელსაც სავარაუდოდ რეზინის ტყვია მოხვდა თვალის არეში. 2 მაისის საღამოს და 3 მაისის ღამეს გმირთა მოედანზე დააკავეს 23 ადამიანი - მათ შორის იყვნენ მუსიკოსები, ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი. 9 ადამიანი დააკავეს ჭავჭავაძის გამზირზე 9 მაისს - აქ მოქალაქეებმა მსვლელობა მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პოლიციამ საცხოვრებელ სახლში დააკავა ბლოგერი და "აგენტების კანონის" აქტიური მოწინააღმდეგე, უჩა აბაშიძე. 13 მაისის დილას 23 ადამიანი დააკავეს საქართველოს პარლამენტთან - ამ დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავდა პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი. ამჯერად დაკავებულთა შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე, რომლებსაც პროპაგანდისტული არხები გადატრიალების ორგანიზატორებად აცხადებენ. სახალხო დამცველის თქმით, 23 დაკავებულიდან 22 პოლიციელის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. 14 მაისს 20 ადამიანი დააკავა ...