14 მაისს, პარლამენტთან “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს. “შეაჩერეთ ეს კანონი” - ასე მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას: “სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენდამი. ჩვენ აქ ასევე იმისთვის ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი - შეაჩერეთ ეს კანონი”. სიტყვით მიმართა პალამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა: “საღამო მშვიდობის, საქართველო, საღამო მშვიდობის, ევროპა, საღამო მშვიდობის, თავისუფლებავ, ჩვენ მოვედით, რომ ვწვეოდით პარლამენტს, მაგრამ კარი დაკეტილია, თქვენმა წარმომადგენლებმა არ მიგვიღეს, მაგრამ ჩვენ გვესმის თქვენი, და თუკი ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პარლამენტის შიგნით, ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ აქ, თქვენთან. ამ საღამოს ჩვენ მოვედით სოლიდარობისთვის. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ეს არის ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ. ამ საღამოს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”, - მიმართა ფიშერმა აქციის მონაწილეებს. პარლამენტის წინ სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისიც: “ძვირფასო მეგობრებო, ჩემი პრეზიდენტი 2008 წელს აქ იდგა სხვა პრეზიდენტებთან ერთად. და ჩვენ აქ ვდგავართ ახლაც. ხვალ, ამერიკის სენატი, ჩვენთან ერთად, სხვა პარლამენტარებთან ერთად, გამოვაქვეყნებთ განცხადებას, რომელიც ამ კანონს პუტინის კანონს უწოდებს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინასა და საქართველოში. თქვენ იქნებით ევროკავშირისა და ნატოს წევრები“. საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიების პარალელურად, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ისინი საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის არიან: გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი; ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი; პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი; ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი; ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი. დელეგაციი...