"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის", - წერენ სენატორები ერთობლივ განცხადებაში და "უკიდურეს იმედგაცრუებას" გამოხატავენ საქართველოს პარლამენტის მიერ 14 მაისს "რუსული სტილის" "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტის მიღების გამო. "კენჭისყრა ჩატარდა იმ ასობით ათასი ქართველის სურვილის წინააღმდეგ, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონის წინააღმდეგ. იგი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ხელს შეუშლის დემოკრატიის წინსვლას საქართველოში. კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველა ორგანიზაციას, რომლებიც თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, გამოცხადდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას ქვეყანაში, სადაც სახსრები ისედაც მწირია. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს", - წერია მათ განცხადებაში. სენატორები იხსენებენ პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ გამაფრთხილებელ წერილს, რომ "აგენტების კანონის" მიღების შემდეგ კონგრესმა, შესაძლოა, განიხილოს აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ, "რათა ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში". "როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, მათ შორის იგულისხმება მათთვის სავიზო აკრძალვა და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვა. როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც ძლიერი სიყვარული აქვთ ქართველი ხალხის მიმართ და მხარს უჭერენ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერას, რომელთა 79% მუდმივად უჭერს მხარს ევროკავშირის წევრობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის". საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონის წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება - საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. ასევე ნახეთ თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს ასევე ნახეთ თუ ევროკავშირთან შეუსაბამო იქნება, შეზღუდვებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს - ო'ბრაიენი "აგენტების კანონზე" ...