უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ზოგიერთი პოზიციიდან უკან დაიხიეს. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, დღეს, 15 მაისს, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა გენერალური შტაბის სპიკერმა დმიტრო ლიხოვოიმ. მისი ინფორმაციით, ლუკიანცევის და ვოლჩანსკის რაიონების ცალკეულ მონაკვეთებზე რუსეთის ჯარების ინტენსიური საცეცხლე და მოიერიშე ქმედებების გამო, უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნებისა და დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მანევრი ჩაატარეს და უფრო მომგებიან პოზიციებზე გადაინაცვლეს. ლიხოვოის თანახმად, გასულ 24 საათში ხარკოვის მიმართულებით 18 შეტევა მოიგერიეს. ასევე ნახეთ ხარკოვის შემდეგ რუსეთი ქალაქ სუმისაც შეუტევს? რუსეთის ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს ქალაქ ვოლჩანსკის რაიონში, რომელიც რუსეთის ბელგოროდის ოლქს ესაზღვრება. უკრაინული სამხედრო-ანალიტიკური არხის, DeepState-ის მონაცემებით, რამდენიმე დღეში საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის ამ ნაწილში ათი სოფლის დაკავება შეძლეს. უკრაინის ხელისუფლებამ ვოლჩანსკის რაიონიდან გაიყვანა იქ დარჩენილი მოსახლეობა. თავდაცვის ძალების სარდლობამ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის დასაცავად სარეზერვო ძალები გაგზავნა. ომის დაწყებამდე ვოლჩანსკში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ნახევარზე მეტმა ქალაქი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა. ...