14 მაისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი საპატიმრო დაწესებულებას 16 მაისს დატოვებს - პოლიციამ მის შემთხვევაში გამოიყენა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავების მაქსიმალური დრო, 48-საათიანი ვადა. ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი". როგორც გრიგორიადისის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჩვენების მისაღებად ლაზარე იზოლატორში უკვე მოინახულეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა - გრიგორიადისი დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების გამოძიებას სთხოვს ამ უწყებას. ამავე გამოძიებისთვის მას დღესვე ჩაუტარდება ექსპერტიზაც, დაზიანებების სიმძიმის და წარმომავლობის შესაფასებლად. "ტკივილები ისევ აქვს თავის და სხეულის არეებში, კლინიკაში არ გადადის", - ეუბნება ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას. მან გრიგორიადისი დიღმის მთავარ სამმართველოში მოინახულა 14 მაისსაც და 15 მაისსაც. ადვოკატი პოლიციელების მხრიდან გრიგორიადისის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ასევე ნახეთ ადვოკატის თქმით, ლაზარე გრიგორიადისს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზიანებები აქვს ლაზარე გრიგორიადისის მეგობარ გოგოსაც, რომელიც აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის წინ, როცა პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო - როგორც თიკო ჩაფიძე ამბობს, პოლიციამ ლაზარესთან ერთად ისიც დააკავა, მაგრამ სანამ პარლამენტის ეზოში შეიყვანდნენ, სადაც დაკავებულებს აგროვებდნენ, რამდენჯერმე ჰკითხეს, გოგო იყო თუ არა და როცა დარწმუნდნენ, რომ გოგო იყო, გაუშვეს. ასევე ნახეთ პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე 15 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით პარლამენტის შენობასთან დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში ერთ თვეზე მეტია დემონსტრაციები მიმდინარეობს. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა. 2024 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას, - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალა...