14 მაისს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებას კლინიკიდან უყვება თავისი დაკავების ამბავს. ქაცარავა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრია და მანამ, სანამ პოლიცია მას დააკავებდა, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებს სწორედ ოკუპაციასა და რუსეთის ბოროტებაზე ესაუბრებოდა. "გუშინ საღამოს, როცა გამოჩნდნენ კვლავ რობოკოპები და სპეცრაზმის წევრები და დაიწყეს ხალხის დაშლა, მომეცა საშუალება, მიმემართა პოლიციელებისთვის - ჩემი მიმართვის პათოსი იყო, რომ ისინი ემსახურებიან დღეს რუსულ რეჟიმს, რომ 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, რომელიც არავინ იცის, როდის შემოიჭრება კვლავ და იმის ნაცვლად, რომ ამ მტრის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლოთ, ისინი ემსახურებიან რუსულ ძალას. ზუსტად ამ მიმართვის შემდეგ დავაფიქსირე, რომ ზარი შემოუვიდა ერთ-ერთ ალბათ ოფიცერს. სავარაუდოდ, დავალება მიიღეს და როცა მან ტელეფონი გათიშა, ეგრევე ბრძანება გასცა და ხუთი-ექვსი პოლიციელი მეცა დასაკავებლად. მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა შანსი ან გავქცეულიყავი, ან თავი ამერიდებინა, გავყევი აბსოლუტურად ნებაყოფლობით", - ასე იხსენებს დავით ქაცარავა თავისი დაკავების მომენტს. მისი აღწერით, პოლიციამ მასზე ძალადობა აქციის ტერიტორიიდან მისი გაყვანისთანავე დაიწყო და ძალადობას მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა. "ჩემი გაყვანიდან დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფა - რამდენჯერმე, როცა იმ დერეფანში მატარებდნენ, სპეცრაზმელები მირტყამდნენ. მომპარეს ჩანთა, ტელეფონი, პირადი ნივთები, შემდეგ გამიკეთეს ხელბორკილები, გამოიძახეს მინივენი და როცა წამიყვანეს ამ მინივენისკენ, ერთ-ერთმა გასცა ბრძანება, შეკარით წრეო და მივხვდი, რომ ეს ეგზეკუციის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. დაახლოებით ათმა ადამიანმა დაიწყო ჩემი ცემა - არ ვიცი, რამდენ ხანს მირტყამდნენ, მაგრამ, ალბათ, საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ მიმეღო საკმაოდ დიდი დაზიანება. შემდეგ გააღეს მინივენის კარები, შემაგდეს. დაახლოებით ორ-სამ წუთში იქ შემომყვა სამი სპეცრაზმელი, სადაც ეგზეკუცია გაგრძელდა - მანქანაში ცემა განმეორდა სამჯერ. მესამე ცემაზე განსაკუთრებული სისასტიკით მცემეს და როდესაც დაინახეს რომ მთელი ჩემი სახე და თავი იყო გასისხლული და ჰემატომებში, ამოიღეს ტელეფონი და დაიწყეს გადაღება. თან მეკითხებოდნენ, რა გინდა ამ აქციებზე, რა გინდა იმ ოკუპაციის ხაზთან, თან მაგინებდნენ - ამ ვიდეოს თუ ფოტოს გადაღების შემდეგ ყური მოვკარი, "ახლა ეს უნდა გავაგზავნოთო." გასვლის წინ კიდევ რამდენჯერმე კარგად ძლიერად დამარტყეს თვალის მიდამოებში, ცემა მიმდინარეობდა მიზნობრივად თავის არეში, სხეულზე დაზიანებები არ მაქვს", - იხსენებს დავით ქაცარავა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვ...