2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისმა, რომელმაც ერთი წელი გაატარა გლდანის ციხეში სამართალდამცველებზე თავდასხმისა და პოლიციის ავტომობილის დაწვის ბრალდებით და რომელიც 13 მაისს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე კვლავ დააკავეს - ამჯერად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. პოლიციამ მის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იზოლატორში განთავსების მაქსიმალური ვადა, 48 საათი გამოიყენა. "დაკავების მერე რო მცემდნენ, თან ვიდეოს მიღებდნენ. რამდენჯერმე მცემეს, სანამ პოლიციის მანქანაში ჩამსვეს, თან მაგინებდნენ და იძახდნენ: "კიდე შენ ხარ?" ერთმა მითხრა, თავი ამოწიეო, ამოტრიალებული რო მივყავდი და რო ამოვწიე, სახეში მომხვდა ეგრევე. ეგრე ერთობოდნენ. სახეზე და თავზე მაქვს ჩალურჯებები, მაგრამ ვიღაც ისეთიც იყო, ვინც იძახდა, ნუ ურტყამთო! რო გავითიშე ცემისას, ეტყობა შეეშინდათ და ისე ძალიან მაინც არ მცემეს, როგორც სხვებს", - უთხრა ლაზარე გრიგორიადისმა რადიო თავისუფლებას იზოლატორის დატოვების შემდეგ. ლაზარე გრიგორიადისი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დააკავეს, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო "აგენტების კანონი." იმ დროს, როცა პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე ასეული დემონსტრანტი იყო დარჩენილი. ამ დღის პირველ ნახევარში სულ 13 მოქალაქე დააკავეს - დაკავებულთა შორის, ლაზარე გრიგორიადისი გარდა, იყო "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც სასტიკად არის ნაცემი დაკავებისას. ლაზარეს მსგავსად, ქაცარავაც ჰყვება, რომ ნაცემს ფოტოებს/ვიდეოს უღებდნენ. ასევე ნახეთ "ცემის შემდეგ სურათებს თუ ვიდეოებს მიღებდნენ, ეს უნდა გადავაგზავნოთო" - დავით ქაცარავა ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პარლამენტთან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. კადრებში ჩანს, რომ დასაკავებლად პოლიციამ მას აქციის სიღრმემდე სდია. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიერებზე ხელის რტყმით გამოხატავდა პროტესტს. ასევე ნახეთ პოლიციამ 180-ზე მეტი ადამიანი დააკავა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე 15 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით დაკავებისას ლაზარე გრიგორიადისის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევას სწავლობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ...