ტელევიზია POSTV-ზე შეჩერდა შუადღის გადაცემა „დღის პოსტი“. ეს გადაცემა მომღერალ ირმა სოხაძეს თანაწამყვანთან, მანო მურღულიასთან ერთად მიჰყავდა. ირმა სოხაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გადაცემის შეჩერების ინიციატორი თავად იყო. მიზეზად „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს. „არავის არაფერი არ დაუხურავს, ჩემი თხოვნა იყო გაჩერება, გავაჩერეთ გადაცემა გაურკვეველი დროით. არ ვიცი დავბრუნდები, ისევ ამ გადაცემას წავიყვან, სხვას თუ რას ვიზამ, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ არ შეიძლება გასართობი, მსუბუქი გადაცემა, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია წავიყვანო. მქონდა თხოვნა, გაიზიარეს ჩემი თხოვნა და გააჩერეს გადაცემა“, - უთხრა ირმა სოხაძემ რადიო თავისუფლებას. მომღერალს არ აქვს პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა POSTV-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თუმცა რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ „მისთვის გადაცემა ტელევიზიის მენეჯმენტს არ დაუხურავს“ და რომ ეს მცდარი ინფორმაციაა. „მე არ წავიყვან ამ გადაცემას და გავაჩეროთ-მეთქი? - გავაჩეროთო. ყველა დამეთანხმა, დაწყნარდეს, დამშვიდდეს ყველაფერი და მერე ვილაპარაკოთ, რა იქნება. დაწყნარდეს ქვეყანა, რა დროს ჩემი გადაცემაა, გართობა და მხიარულება. ვითომც აქ არაფერი, მე არ შემიძლია ასე“, - ამბობს მომღერალი. შუადღის გადაცემის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დროში ემთხვევა ირმა სოხაძის ინტერვიუს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“. მომღერალმა და ტელეწამყვანმა ამ ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლება უნდა შეელიოს კანონპროექტს, რომ ევროპისკენ სვლა კონსტიტუციის 78-ე მუხლითაა გარანტირებული და რომ საჭირო არ არის განსხვავებული აზრის დევნა, შეთქმულების თეორიების განხილვა. „მე არ ვიცი, ეს კანონი რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული და არც მაინტერესებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთ ვნებათაღელვას იწვევს. სტრატეგიული პარტნიორების უმეტესობა გვაფრთხილებს, თქვენთვის ეს არ ივარგებს და არ გააკეთოთო, ამიტომ უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგე", - განაცხადა ირმა სოხაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. ირმა სოხაძე ამბობს, რომ ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტისთვის მისი გადაცემა უკვე შეჩერებული იყო და ტელევიზიის მენეჯმენტისგან არც მითითება და არც რაიმე მინიშნება არ მიუღია კრიტიკული პოზიციის გამო. „ეს პოზიცია არავისთვის იყო სიურპრიზი, ამას გასულ წელსაც ვამბობდი მეგობრებთან, სამსახურში, ჩემი სტუდიიდან, ჩემი გადაცემიდანაც მაქვს განცხადება გაკეთებული. გეუბნებით, რომ მე ვითხოვე. ასეთი ესკალაცია თბილისში შარშან არ ყოფილა, ამიტომ ანაქრონიზმად მიმაჩნია ჩემი გადაცემა, მხიარულება და სიმღერები... ნეტა ვ...