ნიდერლანდის ახალი მმართველი კოალიცია უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს, ნათქვამია კოალიციურ შეთანხმებაში მონაწილე პარტიების მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. მრავალთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, კოალიციური მთავრობის ფორმირების შეთანხმებას ხელი ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა: ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ მემარჯვენე-პოპულისტურ „თავისუფლების პარტიასთან“ (PVV) კოალიციაში მონაწილეობაზე თანხმობა თქვა ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტეს „თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ფორუმმა" (VVD), „ახალმა საზოგადოებრივმა შეთანხმებამ“ (NSC) და ფერმერთა სამოქალაქო გაერთიანებამ. პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმების შესახებ ოთხშაბათს გახდა ცნობილი. მოლაპარაკებების წარმატებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, რადიკალური ანტიმიგრანტული კურსის მიმდევარმა ხეერტ ვილდერსმა, უარი თქვა კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვინ გახდება ნიდერლანდის ახალი პრემიერ-მინისტრი და როგორ გადანაწილდება მინისტრების პოსტები. ასევე ნახეთ ნიდერლანდის არჩევნებში გამარჯვებული მემარჯვენე- პოპულისტური პარტიის ლიდერს მთავრობის შექმნის სურვილი აქვს კოალიციური მთავრობის შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტში მთავარი აქცენტი ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე, საგადასახადო რეფორმასა და ფერმერთა ინტერესების დაცვაზე კეთდება. ამას გარდა, ნიდერლანდის მომავალი კოალიციური მთავრობა პირობას დებს, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობა შეიმუშავებს კანონპროექტს თავდაცვის საჭიროებებისთვის მშპ-ის მინიმუმ 2%-ის გამოყოფაზე, რასაც ნატოს ხელმძღვანელობა ითხოვს ალიანსის წევრი სახელმწიფოებისგან. კოალიციურ შეთანხმებაში საუბარია ასევე ისრაელში მდებარე ნიდერლანდის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესაძლებლობაზე. ასეთი ნაბიჯი განიხილება, როგორც ისრაელის მხარდაჭერის გამოხატულება. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის საელჩოები კვლავ თელ-ავივში მდებარეობს. ...