ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დასრულდა 119-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთის წინა შეხვედრიდან, 20 მარტიდან, დღემდე საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავების ცხრა შემთხვევა იყო. დაკავებულთა ნაწილი გათავისუფლებულია. ანთაძის თქმით, დღეს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ვანო ლუტიძისა და ნიკა მამასტარაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესები. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებული სხვა ადამიანების პროცესებს, თარიღები არაა ცნობილი. ანთაძის თქმით, ყველა უკანონო დაკავების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს და წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, "პოზიციები იყო შედარებით მოზომილი და შემდეგ დისკუსიებში ამ მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება." ანთაძემ დაამატა, რომ იგივე საკითხები გააჟღერეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. "იმედი გვაქვს, რომ გაზიარებული იქნება ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა და გამოყენებული იქნება ჰუმანიტარული მიდგომა, რათა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას მცირედით მაინც გაუადვილდეს საყოფაცხოვრებო პირობები და დაკავებები იქნას დაყვანილი ნულამდე. ამაზე თანხმობა ჯერ არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ ამაზე მუშაობას განვიხილავთ, იძლევა ამ ეტაპზე გარკვეულ მცირე იმედს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება", - თქვა ანთაძემ. მისი სიტყვებით, არაფერი შეცვლილა მხარის "დესტრუქციულ მიდგომაში" თამაზ გინტურის მკვლელობის სავარაუდო ფიგურანტების მიმართ სამართლებრივი პროცედურების დაწყებაზე. ირაკლი ანთაძემ დღეს პირველად საჯაროდ ახსენა ნულოვანი დაკავების პოლიტიკა და განმარტა, რომ ეს შეთავაზება ბოლო სამი წლის განმავლობაში "ლაიტმოტივად გასდევს ყველა შეხვედრას" მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი სახე მიიღო უკანონო დაკავებებმა. ერგნეთის შეხვედრას დღეს პირველად ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2024 წლის აპრილიდან შეუდგა. IPRM-ის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 23 ივლისს გაიმართება. ...