უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა შეძლეს სიტუაციის სტაბილიზება ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში, რომელსაც რუსეთის ჯარები ერთი კვირაა უტევენ. დღეს, 17 მაისს, ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლის ყველაზე ღრმა მონაკვეთი 10 კილომეტრია. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ზოგიერთ მონაკვეთზე მოწინააღმდეგეს წინსვლა საერთოდ არ ჰქონია. როგორც ზელენსკიმ თქვა, რუსეთის ძალებმა მიაღწიეს თავდაცვითი ნაგებობების სამიდან მხოლოდ ერთ, პირველ „ბეტონის ხაზამდე“. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ხარკოვის ოლქში მოქმედებენ თავდაცვის ძალების მძლავრი ბრიგადები და რამდენიმე მიმართულება ცალკეული ბატალიონებით გააძლიერეს. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მთავარი მიზანია ქალაქ ვოლჩანსკის დაპყრობა და 10-კილომეტრიანი ზონის დაკავება. ასევე ნახეთ ISW: რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში რვა კილომეტრით წინ წაიწიეს ხარკოვის ფრონტზე არსებული სიტუაციის და იქ მებრძოლი ქვედანაყოფების საჭიროებების განსახილველად უკრაინის არმიის უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მაისს ქალაქ ხარკოვში გამართა საგანგებო თათბირი თავდაცვის ძალების სარდლობასთან. რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან 10 მაისს დაიწყეს და სხვადასხვა, მათ შორის უკრაინული წყაროების ცნობით, ათზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 16 მაისს წერდა, რომ სამხედრო ოპერაციის ტემპი შენელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დაიკავეს რაიონები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, ნაკლებად დაცული იყო. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიზანია „ბუფერული ზონის“ შექმნა და არა ხარკოვის ოლქის სიღრმეში შეღწევა. უკრაინის ხარკოვის ოლქსა და რუსეთის ბელგოროდის ოლქს შორის მსგავსი „სანიტარიული ზონის" შესაძლო შექმნის შესახებ პუტინმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. ...