პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ შარმანაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო, რედაქტირებულ ვარიანტში ტერმინი „პირი“ არ გულისხმობს ფიზიკურ პირს. „ცხრაასჯერ იქნა განმარტებული, რომ ფიზიკური პირი არანაირ კავშირში არ არის ამ საქმიანობასთან. უკვე წარმოუდგენელია, რომ ეს კითხვა წარმოიშვა. არანაირ ფიზიკურ პირს ეს არ ეხება. თუ რამე პრობლემას ქმნის, მე პირადად დავაყენებ ინიციატივას, რომ ეს სიტყვა ამოღებული იქნეს“, - გვითხრა დეპუტატმა. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის ჩანაწერს გაიგებენ ისე, რომ ის ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება, შარმანაშვილი მზად არის, ეს გამოასწოროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივით. თენგიზ შარმანაშვილი: „თუ ეს რამე ეჭვს იწვევს, მე პირადად გპირდებით, რომ მესამე მოსმენის დროს მაგ სიტყვის ამოღებას დავაყენებ“. რადიო თავისუფლება: „მესამე მოსმენა იყო უკვე.“ თენგიზ შარმანაშვილი: „მესამე მოსმენა კი არა, როცა ის იქნება, რა ქვია…“ რადიო თავისუფლება: „არსებობს მისი შეცვლის საშუალება?“ თენგიზ შარმანაშვილი: „კარგით, თავიდან დავაინიციირებ და ისე ამოვაღებინებ.“ три საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელსაც ერთ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აპროტესტებენ დემონსტრაციებზე სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ პრეზიდენტთანაა. სალომე ზურაბიშვილს ვეტოს დასადებად 2-კვირიანი ვადა აქვს. ვეტოს დაძლევას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც მის მიღებას. დათო გამისონია ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან. ...