რუსეთი ხარკოვის ოლქში „სანიტარიულ ზონას“ ქმნის და ამჟამად არ აქვს ქალაქ ხარკოვის აღების გეგმა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა ჩინეთში, სადაც დღეს, 17 მაისს, ასრულებს ორდღიან სახელმწიფო ვიზიტს. პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რაც „ხარკოვის მიმართულებით ხდება“, რადგან, მისი განცხადებით, არ წყდება შეტევა მოსაზღვრე რუსეთის ტერიტორიების საცხოვრებელ რაიონებზე, მათ შორის ბელგოროდზე და იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. „მე საჯაროდ ვამბობდი, რომ თუ ეს გაგრძელდებოდა, იძულებული ვიქნებოდით, შეგვექმნა უსაფრთხოების ზონა, სანიტარიული ზონა. აი, ამას ვაკეთებთ“, - განაცხადა პუტინმა. შეკითხვას, აქვს თუ არა რუსეთს ხარკოვის აღების გეგმა, პუტინმა უპასუხა, რომ „დღესდღეობით ასეთი გეგმები არ არის.“ ასევე ნახეთ ზელენსკი: ხარკოვის ოლქში რუსეთის მთავარი მიზანი ქალაქ ვოლჩანსკის დაპყრობაა რუსეთის ჯარებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთზე სახმელეთო შეტევა რუსეთის ტერიტორიიდან 10 მაისს დაიწყეს და სხვადასხვა, მათ შორის უკრაინული წყაროების ცნობით, ათზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 16 მაისს წერდა, რომ სამხედრო ოპერაციის ტემპი შენელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დაიკავეს რაიონები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, ნაკლებად დაცული იყო. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მიზანია „ბუფერული ზონის“ შექმნა და არა ხარკოვის ოლქის სიღრმეში შეღწევა. უკრაინის ხარკოვის ოლქსა და რუსეთის ბელგოროდის ოლქს შორის მსგავსი „სანიტარიული ზონის" შესაძლო შექმნის შესახებ პუტინმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა. ...