ღაზის სექტორში სპეციალურად აშენებული საზღვაო ნავმისადგომის გავლით 17 მაისს, დილით, ჩავიდა პალესტინელებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების პირველი სატვირთო მანქანები, იუწყება Associated Press-ი. სააგენტო ასევე ავრცელებს სატელიტურ სურათებს, სადაც ჩანს ნავმისადგომი. დროებითი მცურავი ნავმისადგომი ყოველდღიურად შეძლებს სურსათით დატვირთული 150-მდე სატვირთო მანქანის მიღებას. ეს საკვები პროდუქტები ყოველდღიურად იგზავნება ხმელთაშუა ზღვის გავლით. ამასობაში ისრაელის არმია აგრძელებს შეტევას ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე. აშშ-მა და გაერომ ადრე გამოთქვეს გაფრთხილება, რომ საზღვაო დერეფანი ვერ იქნება სექტორისთვის წყლის, სურსათისა და საწვავის სახმელეთო გზით მიწოდების სრულფასოვანი შემცვლელი. ისრაელის არმიის სამხედრო ოპერაციამდე, რომელიც დაიწყო გასული წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე პალესტინური დაჯგუფება ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული), რეგიონში ყოველდღიურად შედიოდა ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდავი 500-ზე მეტი სატვირთო მანქანა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები და გაეროს სტრუქტურები აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზაში იწურება სურსათისა და საწვავის მარაგი, ხოლო სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში უკვე დაიწყო შიმშილობა. ასევე ნახეთ ბლინკენი: ისრაელს სჭირდება მკაფიო და კონკრეტული გეგმა ღაზის მომავლისთვის ნავმისადგომის მშენებლობა შეერთებულ შტატებს 320 მილიონი დოლარი დაუჯდა. ტვირთების მიწოდება მოხდება კვიპროსიდან, ლარნაკის პორტიდან, სადაც ის ისრაელის მიერ წინასწარ შემოწმებას გაივლის. ამერიკელი სამხედროები ნაპირზე არ გადავლენ. პენტაგონმა განაცხადა, რომ დახმარების მიწოდება გაეროსთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ისრაელი ახორციელებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ. მაშინ ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-მდე დაატყვევეს და ღაზაში წაიყვანეს. ზოგიერთი დღემდე მძევლად რჩება. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი მიზანია ჰამასის სრული განადგურება. საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი ისრაელს ღაზაში პალესტინური მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებს. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ მათი იერიშების სამიზნე მხოლოდ ჰამასის ინფრასტრუქტურაა და ირწმუნებიან, რომ ჰამასი თავის ობიექტებს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში განალაგებს და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის დაბომბვას 35 ათასზე მეტი პალესტინელი შეეწირა, ძირითადად ქალები და ბავშვები. ...