საქართველოდან თამაშზე მორგებული ჩარტერული რეისით გაფრენა 195 ევრო ეღირება, იმავე ფასის გადახდა მოუწევს გულშემატკივარს უკან დასაბრუნებლად. ჯამში საუბარია 390 ევროზე. საქართველოს ნაკრების მონაწილეობით გერმანიაში თამაშები იმართება: 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან; 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთთან; 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან. „მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში... გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, სუბსიდირებული ფრენით სარგებლობისთვის, გულშემატკივარმა უნდა წარადგინოს თამაშზე დასასწრები ბილეთი. ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის წინასწარი გათვლით, ბილეთების სუბსიდირებაში დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაიხარჯება. დაახლოებით 2000 ბილეთით მგზავრობა შესაძლებელი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 1000 ბილეთით კი - ქუთაისიდან. ...