„თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - თქვა მსხილაძემ. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული, მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომლებიც ირღვევა ამ კანონით და განმარტებულია, რატომაა კანონი რუსული. პრეზიდენტისთვის ასევე დაუშვებელია პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და მიღების ფორმები. მსხილაძემ განმარტა პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში შეტანილი შესწორება. „რაც შეეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ ის ერთი დღით ამოქმედდეს, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ის გაუქმდეს: კანონი თუ არ ამოქმედდა, მისი გაუქმება შეუძლებელია“, - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტოს დადებით ამ საკითხზე დისკუსიის სივრცე გააქრო. ასევე ნახეთ კობახიძე: ზურაბიშვილმა ვეტოთი ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონს ვეტო დაადო. ვეტოს ფარგლებში მან კანონპროექტში მხოლოდ ერთი მუხლი შეცვალა. მან დაწერა: „კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში.“ ამონარიდი პრეზიდენტის ვეტოდან შენიშვნებში კი პრეზიდენტი წერს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული „აგენტების შესახებ“ კანონი იყო. კანონს, ოფიციალური სახელით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პრეზიდენტი უწოდებს არაკონსტიტუციურს. ასევე ნახეთ „კანონის გაუქმება არის უალტერნატივო“ - კიდევ რას ამბობს პრეზიდენტის ვეტო? კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა უყაროს კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე მომავალ (28-31 მაისის) სასესიო კვირაში წარადგენენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს. ასევე ნახეთ „აგენტების კანონზე“ დადებული პრეზიდენტის ვეტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად...