გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ თუკი ე.წ. აგენტების კანონიამჟამინდელი ფორმით იარსებებს დეკემბერშიც, ევროპული საბჭოს შეხვედრაზე გერმანია საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ მან 21 მაისს ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა. "თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ ["აგენტების"] კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია. არსებობს სტანდარტი, რაც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, თუკი ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, ეს კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევს. სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ", - განაცხადა გერმანიის ელჩმა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს. კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ ერთ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს. ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს. ასევე ნახეთ დიახ, წაკითხული გვაქვს „აგენტების კანონი“ - დეტალურად, რა მოხდება, თუ ვეტოს დაძლევენ ...