დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით". დასკვნაში, ასევე ვკითხულობთ, რომ კომისია "მტკიცედ ურჩევს" საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციისა და მათი გასაჯაროვების მოთხოვნის სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის მათ მიმართ ადმინისტრაციულ სანქციებზე. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომელიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს, მათ შორის დაფინანსების წყაროების რეგისტრაციას. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა რაიმე დამაჯერებელი განმარტება იმაზე, თუ რატომ იქნებოდა არსებული ვალდებულებები არასაკმარისი, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად: "იმ შემთხვევაში, თუკი არსებული დებულებები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მათი ცვლილება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით". კომისია აღნიშნავს, რომ "აგენტების კანონის" მიხედვით, სუბიექტის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარ" ორგანიზაციად განსაზღვრას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება, მათ შორის, ეს "ძირს გამოუთხრის", როგორც ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, ისე მის საბდოობას. "რთული რეგისტრაციისა და ანგარიშგების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების) მოთხოვნა, რაც ზღუდავს სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას, ამასთან ამას შეიძლება, მოჰყვეს მძიმე ადმინისტრაციული ჯარიმები, მუდმივი თვალთვალი - ერთობლიობაში, უდაოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების ეფექტიან მუშაობასა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებური დაბრკოლებები მსუსხავ ეფექტს ქმნის", - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის ტექსტში. დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიამ გააანალიზა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან კანონის შესაბამისობა. ის ასკვნის, რომ შეზღუდვები, რასაც კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და პერსონალურ ინფორმაციაზე, არ აკმაყოფილებდეს კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობის და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. "ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მო...