თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე ელექტრონულად წარიმართება. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები, მათ შორის, ის ბავშვები, რომლებიც სექტემბერში პირველი კლასის მოსწავლეები გახდებიან. თბილისის მერის თქმით, საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში წელს 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. 50 საზაფხულო ბაღში 3 100 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. პროექტი დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება. „საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის საზაფხულო ბაღების სია იხილეთ აქ. ...