ენტონი ბლინკენს მოუსმინეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც კონგრესმენმა ბილ კიტინგმა ჰკითხა "აგენტების კანონთან" დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე აშშ-ის ძალისხმევაზე. ბლინკენის შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი "მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის გადაწერილი". "ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ "უცხოეთის აგენტების კანონით", რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის გადაწერილი, ამასთან, ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს, განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ, ევროინტეგრაციისკენ. ბევრს ვმუშაობთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ და ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირი განიხილავს, რა გავლენა ექნება ამას საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ, შედეგები იქნება", - თქვა ბლინკენმა. 21 მაისს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე თავისი უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით." ასევე ნახეთ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს. სადავო კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს. ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს. ...